ადამიანის უფლებების მდგომარეობა მსოფლიოში

ამნესტი ინტერნეიშენალის ანგარიში 2025/26

Amnesty International მოუწოდებს სახელმწიფოებს, შეწყვიტონ მტაცებლური, უფლებების საწინააღმდეგო წესრიგის დამყარება კაცობრიობისთვის ამ გადამწვეტ მომენტში

  • 2025 წელი გამოირჩეოდა მტაცებლური თავდასხმებით მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო სამართალსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე
  • ალტერნატივად შემოთავაზებულია რასისტული, პატრიარქალური, უთანასწორო და უფლებების საწინააღმდეგო წესრიგი 
  • დემონსტრანტები, აქტივისტები და გლობალური ინსტიტუტები მუშაობენ, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ, შეაჩერონ და გარდაქმნან

მსოფლიო ახალი საშიში ეპოქის ზღვარზე დგას, სადაც სახელმწიფოები, კორპორაციები და უფლებების მოწინააღმდეგე მოძრაობები მრავალმხრივ თანამშრომლობას, საერთაშორისო სამართალსა და სამოქალაქო საზოგადოებას უტევენ, გაგვაფრთხილა Amnesty International-მა დღეს გამოქვეყნებული მისი ყოველწლიური ანგარიშით „ადამიანის უფლებების მდგომარეობა მსოფლიოში“. სახელმწიფოებმა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უარი უნდა თქვან დაშოშმინების პოლიტიკაზე და ერთიანი წინააღმდეგობა გაუწიონ ამ თავდასხმებს, რათა ხელი შეუშალონ ასეთი წესრიგის დამყარებას, თქვა ორგანიზაციამ 144 ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მის შეფასებაში.

„ჩვენ ახლა ჩვენი დროის ყველაზე კრიტიკულ მომენტში ვართ. კაცობრიობას უტევენ უფლებების მოწინააღმდეგე ტრანსნაციონალური მოძრაობები და მტაცებლური მთავრობები, რომლებსაც გადაუწყვეტიათ, განიმტკიცონ დომინაცია ომებისა და უტიფარი ეკონომიკური შანტაჟის გზით,“ თქვა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა ანიეს კალამარმა.

„უკვე მრავალი წელია Amnesty International გმობს ადამიანის უფლებების თანდათანობით რღვევას მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში და აფრთხილებს ყველას იმ უარყოფითი შედეგების შესახებ, რომლებიც ხელისუფლებების და კორპორაციული აქტორების მხრიდან წესების უხეშ დარღვევას მოაქვს. ჩვენ არაერთხელ გვიჩვენებია, თუ როგორ ასუსტებს ორმაგი სტანდარტები და საერთაშორისო სამართლის შერჩევითი დაცვა მრავალმხრივი თანამშრომლობის სისტემასა და ანგარიშვალდებულებას.

რაც ამ მომენტს ძირეულად განასხვავებს არის ის, რომ ეროზია აღარ შეინიშნება მხოლოდ სისტემის პერიფერიაზე. ეს პირდაპირი შეტევაა ადამიანის უფლებებისა და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებზე, რომელსაც ყველაზე გავლენიანი აქტორები ახორციელებენ კონტროლის დამყარების, დაუსჯელობის გარანტირებისა და მოგების მიღების მიზნით.

Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა, ანიეს კალამარმა

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სწრაფი ესკალაცია უკანონობაში ასეთი ჩაძირვის შედეგია. მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელის მიერ უკანონოდ, გაერო-ს ქარტიის დარღვევით დაწყებულ იერიშებს ირანმა განურჩეველი დარტყმებით უპასუხა, ეს კონფლიქტი ღია ომში გადაიზარდა მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და რეგიონის მოსახლეობის ისედაც კატასტროფული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ის ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მოიცავს, ყველგან ახდენს მოსახლეობაზე გავლენას და საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის საარსებო საშუალებებს. ეს არის, რაც ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანურობის დასაცავად საგულდაგულოდ ნაშენებ ნორმებს, ინსტიტუტებსა და სამართლებრივ ჩარჩოს ძირს უთხრიან გაბატონების მიზნით.  

Amnesty-ის 2025 წლის ანგარიში მხოლოდ გარდაუვალი რღვევის შესახებ გაფრთხილებით არ შემოიფარგლება, არამედ აღწერს ამჟამად მიმდინარე კოლაფსს და იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ის ადამიანის უფლებებს, გლობალურ სტაბილურობასა და მილიონობით ადამიანს უქადის 2026-ში და შემდგომ წლებში. ის მოუწოდებს მსოფლიოს სახელმწიფოებს, უარი თქვან დაშოშმინების პოლიტიკაზე, რასაც 2025 წელს ატარებდნენ, დაძლიონ შიში და სიტყვითა და საქმით გაუწიონ წინააღმდეგობა მტაცებლური მსოფლიო წესრიგის შენებას.“  

გაეცანით Amnesty International-ის 2025/26 წლების ყოველწლიურ ანგარიშს

მტაცებლური თავდასხმები საერთაშორისო სამართლის ნგრევას აჩქარებს

ანგარიშში „ადამიანის უფლებების მდგომარეობა მსოფლიოში“ და მიმდინარე წლის მასალებში Amnesty International დეტალურად აღწერს ფართოდ გავრცელებულ საერთაშორისო სამართლის დანაშაულებს და გახშირებულ თავდასხმებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სისტემაზე, რაც სერიოზულად არყევს საფუძვლებს, რომლებსაც ადამიანის უფლებები ემყარება.

2025 წლის ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელმა გააგრძელა პალესტინელების გენოციდი ღაზის სექტორში და შეინარჩუნა აპარტეიდის სისტემა პალესტინელების მიმართ, თან დააჩქარა უკანონო დასახლებების გაფართოება ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში და გადადგა ნაბიჯები ანექსიისკენ. ისრაელის მთავრობა სულ უფრო მეტ უფლებას აძლევდა და ახალისებდა ახალმოსახლეებს, დაუსჯელად დასხმოდნენ თავს პალესტინელებს და ტერორი მოეწყოთ მათთვის, ცნობილი მაღალჩინოსნები კი, აქებდნენ და ადიდებდნენ ძალადობას პალესტინელების მიმართ, მათ შორის თვითნებურ დაკავებებსა და დაკავებულთა წამებას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 150-ზე მეტი სასამართლოს გარეშე მკვლელობა ჩაიდინა კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში ნავების დაბომბვის გზით, ხოლო 2026 წლის იანვარში აგრესიის აქტი მოაწყო ვენესუელის წინააღმდეგ. რუსეთმა საჰაერო იერიშები გააძლიერა უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ხოლო მიანმარის სამხედროებმა ძრავიანი პარაპლანები გამოიყენეს სოფლებზე ასაფეთქებელი საბრძოლო მასალების ჩამოსაყრელად, რასაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სუდანში კონფლიქტის გამწვავებას შეუწყო ხელი იმით, რომ თანამედროვე ჩინური შეიარაღება მიაწოდა „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში, 18 თვიანი ალყის შემდეგ, ქალაქი ელ-ფაშერი დაიკავა და მასობრივი მკვლელობები და სექსუალური ძალადობები ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუანდის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფება M23-მა ქალაქები გომა და ბუკავუ დაიკავა, უკანონოდ მოკლა მშვიდობიანი მოქალაქეები და აწამა დაკავებულები.

2026 წლის დასაწყისში აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ძალის უკანონო, გაერო-ს ქარტიის დარღვევით გამოყენებას ირანმა ისრაელსა და სპარსეთის ყურის საბჭოს ქვეყნებზე სარაკეტო დარტყმებით უპასუხა, ისრაელმა კი ლიბანზე შეტევები გააძლიერა. ეს კონფლიქტი – ირანის სკოლაზე აშშ-ის უკანონო დარტყმის შედეგად 100 ბავშვის დაღუპვით დაწყებული, ყველა მხარის მიერ ენერგოინფრასტრუქტურის გამანადგურებელი დაბომბვებით დამთავრებული – საფრთხეს უქმნის მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და უზარმაზარი და განჭვრეტადი გრძელვადიანი ზიანის მიყენებას უქადის მოქალაქეებსა და გარემოს, რაც გაართულებს ენერგორესურსებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, საკვებსა და წყალზე წვდომას ამ ისედაც ტურბულენტურ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

ავღანეთში თალიბანმა გაამკაცრა მისი მტაცებლური პოლიტიკა ქალების მიმართ და დამატებითი შეზღუდვებით აუკრძალა მათ განათლების მიღება, მუშაობა და თავისუფალი გადაადგილება, ხოლო ირანში, 2026 წლის იანვარში, ხელისუფლებამ მასობრივად დახოცა დემონსტრანტები იმ რეპრესიის ფარგლებში, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე სისხლიანი იყო ბოლო ათწლეულებში მოწყობილ მსგავს რეპრესიებს შორის.

გასულ წელს აშშ-მა, ისრაელმა და რუსეთმა კიდევ უფრო დაასუსტეს ანგარიშვალდებულების საერთაშორისო მექანიზმები, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პერსონალს და პარტნიორებს, ასევე პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ხოლო რუსეთის სასამართლოებმა დაპატიმრების ორდერები გასცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების მიმართ. ზოგმა სახელმწიფომ „რომის სტატუტი“ დატოვა ან ამ სტატუტის და კასეტური საბრძოლო მასალებისა და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებების დატოვება დააანონსა.

აგრესორების დაშოშმინება ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია,  რომელიც ყველას გადაგვწვავს და მომდევნო თაობებს მომავალს გაუნადგურებს,“ თქვა ანიეს კალამარმა

Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა, ანიეს კალამარმა

სახელმწიფოთა დიდმა უმრავლესობამ არ ისურვა ან ვერ შეძლო, თანმიმდევრულად დაეგმო აშშ-ის, რუსეთის, ისრაელისა თუ ჩინეთის მტაცებლური ქმედებები ანდა მოეძებნა დიპლომატიური გადაჭრის გზები. ევროკავშირი და ევროპის სახელმწიფოების უმეტესობა დათმობაზე წავიდა აშშ-ის თავდასხმების წინაშე საერთაშორისო სამართალსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებზე. მათ ვერ შეძლეს რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, რომ შეეჩერებინათ გენოციდი ისრაელის მხრიდან ან შეეწყვიტათ იარაღის და ტექნოლოგიების უპასუხისმგებლო მიწოდება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის დანაშაულების ჩადენას უწყობდა ხელს მთელ მსოფლიოში. მათ ასევე არ ისურვეს ბლოკირების სტატუტების ამოქმედება აშშ-ის სანქციების სამიზნეების, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისა და პროკურორების დასაცავად. იტალიამ და უნგრეთმა უარი თქვეს თავიანთ ტერიტორიებზე იმ პირების დაკავებაზე, რომელთა მიმართაც ამ სასამართლოს დაპატიმრების ორდერები ჰქონდა გაცემული, ხოლო საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის განცხადებები გულისხმობდა, რომ ისინიც ანალოგიურად მოიქცეოდნენ.  

„მსოფლიო ლიდერები ძალიან დამთმობები აღმოჩნდნენ საერთაშორისო სამართალსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის სისტემაზე თავდასხმების წინაშე. მათი სიჩუმე და უმოქმედობა უპატიებელია. ეს მორალურად გაკოტრებული მიდგომაა, რასაც მხოლოდ უკან დახევა, დამარცხება და იმ მონაპოვრის დაკარგვა მოჰყვება, რაც ადამიანის უფლებების სფეროში ათეული წლების მძიმე ბრძოლით იქნა მიღწეული. აგრესორების დაშოშმინება ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია,  რომელიც ყველას გადაგვწვავს და მომდევნო თაობებს მომავალს გაუნადგურებს,“ თქვა ანიეს კალამარმა.

„ზოგს შესაძლოა ცდუნებამ წასძლიოს და სიტემა, რომელიც ბოლო 80 წლის განმავლობაში შენდებოდა, უგულებელყოს როგორც ილუზია. ეს ნიშნავს, უგულებელყო მიღწევები, რომლებიც მძიმე ბრძოლით იქნა მოპოვებული უნივერსალური უფლებების აღიარებისკენ სავალ გზაზე, ასევე, ის უამრავი საერთაშორისო კონვენცია და ეროვნული კანონმდებლობა, რომლებიც იცავს რასობრივი დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობისგან, ამყარებს მშრომელთა და პროფკავშირთა უფლებებს და უზრუნველყოფს მკვიდრი ხალხების უფლებები. ეს ნიშნავს, დაივიწყო შემცირებული სიღარიბე, გაძლიერებული რეპროდუქციული უფლებები და აღსრულებული მართლმსაჯულება იქ, სადაც სახელმწიფოებმა გაერო-ს ქარტიისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესრულება არჩიეს.

პოლიტიკური და ეკონომიკური მტაცებლები და მათი ხელშემწყობები  იმიტომ კი არ აცხადებენ მრავალმხრივი თანამშრომლობის სისტემას გარდაცვლილად, რომ ის არაეფექტიანია, არამედ იმიტომ, რომ ის მათი ჰეგემონიისა და კონტროლის გამყარებას არ ემსახურება. ამის პასუხი არის არა მისი ილუზიად ან უიმედოდ გამოცხადება, არამედ მისი ნაკლოვანებების აღმოფხვრა, მისი შერჩევითი გამოყენების შეწყვეტა და მისი ისე ტრანსფორმირება, რომ ერთნაირი შემართებით შეძლოს ყველა ადამიანის სრულად დაცვა.“

A young boy surrounded by rubble, sitting on top of an unexploded missile.
პალესტინელი ბიჭი ზის აუფეთქებელ რაკეტაზე ღაზის ქალაქის ალ-რიმალის უბანში, 2025 წლის 12 ნოემბერს
Looking up at a tall building with a large fire raging as firefighter climbs up a ladder towards two people leaning out of one of the windows.
უკრაინელი მეხანძრეები ცდილობენ საცხოვრებელ შენობაში ხანძრის ჩაქრობას მას შემდეგ, რაც რუსულმა არტილერიამ ქალაქი კოსტიანტინოვკა დაბომბა, 2025 წლის 22 აგვისტოს.

სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევების გაძლიერება მთელ მსოფლიოში შეინიშნება

2025 წელს კიდევ უფრო გახშირდა თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და სოციალურ მოძრაობებზე, ხოლო სისტემატური მცდელობები, გაეჩუმებინათ და დაესუსტებინათ ადამიანის უფლებათა დამცველები, ორგანიზაციები და განსხვავებული აზრის მქონენი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შეინიშნებოდა.

ნეპალისა და ტანზანიის ხელისუფლებები განსაკუთრებით ურცხვად იყენებდნენ ლეტალურ ძალას საპროტესტო აქციების ჩასახშობად, რომლებიც პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უკმაყოფილების გამოსახატად იმართებოდა. ავღანეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, კენიის, აშშ-ისა და ვენესუელის მთავრობებიც ძალადობრივად ახშობდნენ დემონსტრაციებს, ახდენდნენ განსხვავებული აზრის კრიმინალიზებას ანტიტერორისტული და უსაფრთხოების კანონებით ან იყენებდნენ წესრიგის დამყარების ძალადობრივ ტაქტიკებს, იძულებით გაუჩინარებას ან სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ პირდაპირი მოქმედების საპროტესტო ქსელი, Palestine Action, რომელიც ისრაელის იარაღის მწარმოებლებისა და მათი ფილიალების წინააღმდეგ გამოდიოდა, უაღრესად ფართო ანტიტერორისტულ კანონების საფუძველზე აკრძალა და 2,700-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ამ აკრძალვას მშვიდობიანად აპროტესტებდნენ. 2026 წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ გამოაცხადა. ხელისუფლება სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

თურქეთის ხელისუფლებამ ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა სტამბოლის მერის და საპრეზიდენტო კანდიდატის, ეკრემ იმამოღლუს, დაპატიმრების შემდეგ, რომელსაც, სხვა 400-ზე მეტ ადამიანთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესი ელოდება კორუფციის დაუდასტურებელი ბრალდებების საფუძველზე.

აშშ-ის ხელისუფლებამ უკანონოდ დაიწყო მკაცრი ზომების გატარება მიგრანტების, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების წინააღმდეგ, რა დროსაც იყენებდა გადაჭარბებულ ძალას, რასობრივი აღწერილობის შედგენას, თვითნებურ დაკავებებსა და ისეთ მეთოდებს, რომლებიც წამებას და იძულებით გაუჩინარებას უთანაბრდებოდა. ლათინური ამერიკის ქვეყნებში, როგორებიცაა ეკვადორი, სალვადორი, ნიკარაგუა, პარაგვაი, პერუ და ვენესუელა, მიიღეს ან შეცვალეს კანონები ისე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე არაპროპორციულად მკაცრი კონტროლი დაწესდა, რაც ზღუდავს ამ ორგანიზაციების შესაძლებლობას იმუშაონ, ჰქონდეთ წვდომა რესურსებზე, დაეხმარონ თემებს და დაიცვან ადამიანის უფლებები.  

ბევრმა მთავრობამ, კორპორაციული აქტორების ხელშეწყობით, ჯაშუში პროგრამები და ციფრული ცენზურა გამოიყენა გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის მიღების უფლების შესაზღუდად. აშშ-ის ხელისუფლებამ ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული თვალთვალის ინსტრუმენტები გამოიყენა პალესტინელების მიმართ სოლიდარული სტუდენტების გამოსავლენად, მათი შემდგომი დაპატიმრებისა და დეპორტაციისთვის. სერბეთის მთავრობამ გამოიყენა ჯაშუში პროგრამა და ციფრული ექსპერტიზის ინსტრუმენტები პროტესტში მონაწილე სტუდენტების, სამოქალაქო საზოგადოების და ჟურნალისტების წინააღდეგ. კენიის ხელისუფლება, ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების ჩასახშობად, სისტემატურად იყენებდა ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ რეპრესიულ ტაქტიკებს, მათ შორის ონლაინ დაშინებას, მუქარას, სიძულვილის გაღვივებასა და უკანონო თვალთვალს.

აშშ-მა, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე, სხვა ქვეყნებმა, მკვეთრად შეკვეცეს ან გამოაცხადეს, რომ მკვეთრად შეკვეცდნენ საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტებს მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებდნენ, რომ ამას შესაძლოა მილიონობით თავიდან არიდებადი სიკვდილი მოჰყოლოდა; ამავდროულად ზოგმა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, მნიშვნელოვნად გაეზარდა სამხედრო ხარჯები. ამ შეკვეცამ კატასტროფული გავლენა იქონია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა პრესის თავისუფლების, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის და გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა, ლტოლვილთა, მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვა, ჯანმრთელობისა და სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების უზრუნველყოფა.

ბევრი ქვეყანა კვლავ არ ცდილობდა, მოეთოკა გადასახადებისთვის თავის არიდება და საგადასახადო მაქინაციები, რომლებსაც მილიარდერები და კორპორაციული გიგანტები აქტიურად მიმართავდნენ, რაც კიდევ უფრო ასუსტებდა კორპორაციების ძალაუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. აშშ-ში სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიულმა სარჩელებმა მსუსხავი ეფექტი იქონია სამოქალაქო საზოგადოებაზე, ხოლო ერთ-ერთ ასეთ საქმეში სასამართლომ Greenpeace-ს 345 მილიონი აშშ დოლარის (თავდაპირველი 660 მილიონი აშშ დოლარის შემცირების შემდეგ) გადახდა დააკისრა წიაღისეული საწვავის სფეროში მომუშავე კომპანიისთვის.

იმ ვითარებაში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა კლიმატის ცვლილება „თაღლითობად“ შეაფასა, მთავრობებმა იმაზე ბევრად ნაკლები გააკეთეს, ვიდრე საჭირო იყო კლიმატის ცვლილების გამო იძულებითი გადაადგილების პრობლემის დაძლევის, წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირების ან კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ზომების დაფინანსების სათანადოდ გაზრდისთვის მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს გარემოსდაცვითმა პროგრამამ მსოფლიო გააფრთხილა, რომ 2100 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 3°C-ით მოიმატებდა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით.

„რა ალტერნატივას სთავაზობენ ეს მჩაგვრელები და მტაცებლები იმ არასრულყოფილ გლობალურ ექსპერიმენტს, რომლის დანგრევასაც ასეთი მონდომებით ცდილობენ? ისინი გვთავაზობენ ისეთ მსოფლიო წესრიგს, სადაც დასცინიან და უგულებელყოფენ რასობრივ, გენდერულ და კლიმატურ სამართლიანობას, მტრულად ეკიდებიან სამოქალაქო საზოგადოებას და უარს ამბობენ საერთაშორისო სოლიდარობაზე. ეს წესრიგი ემყარება განსხვავებული აზრის ჩახშობას, კანონის ჩაგვრის იარაღად გამოყენებას და იმ ადამინების დეჰუმანიზებას, რომლებიც „სხვებად“ მიიჩნევიან. მსოფლიოს მათეული ხედვა ეფუძნება არა ჩვენი საერთო ადამიანურობის პატივისცემას, არამედ სამხედრო ძალას, სავაჭრო ბატონობას და ტექნოლოგიურ ჰეგემონიას. საბოლოო ჯამში, ეს არის ხედვა მორალური კომპასის გარეშე,“ თქვა ანიეს კალამარმა.

A protester stands with both arms in the air, silhouetted against a fire burning in the background.
მომიტინგეებმა ცეცხლი დაანთეს აქციის დროს თეირანში, ირანში, 2026 წლის 8 იანვარს.
Aerial view of a large road reaching out into the distance filled with thousands of people.
დემონსტრანტები იკრიბებიან ნეპალის პარლამენტის წინ კატმანდუში გამართული საპროტესტო აქციის დროს, 2025 წლის 8 სექტემბერს, და სოციალური მედიის აკრძალვებსა და მთავრობის კორუფციას გმობენ.

დემონსტრანტები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ინსტიტუტები უძღვებიან წინააღმდეგობის გაწევის, შეჩერებისა და გარდაქმნის ძალისხმევას

სირთულეების მიუხედავად, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში წინააღმდეგობას უწევს უსამართლობასა და ავტორიტარულ მეთოდებს.

2025 წელს თაობა Z-ის საპროტესტო აქციები გაიმართა ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ინდონეზიაში, კენიაში, მადაგასკარში, მაროკოში, ნეპალსა და პერუში; ასევე, 300,000-მდე ადამიანმა გააპროტესტა უნგრეთის მთავრობის მიერ ბუდაპეშტში პრაიდის აკრძალვა, რითაც ლგბტი პირების უფლებები დაიცვა. 2026 წლის დასაწყისში დემონსტრანტებმა ლოს-ანჯელესიდან მინეაპოლისიდან საპროტესტო აქციები მოაწყვეს ყველა ქუჩასა და კვარტალში ძალადობრივი და უკიდურესად მილიტარიზებული რეიდების წინააღმდეგ.

გასულ წელს მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა ისრაელის მიერ განხორციელებული გენოციდის წინააღმდეგ, ხოლო 40-ზე მეტი ქვეყნის აქტივისტებმა ფლოტილიები გაუშვეს პალესტინელების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად. გაფართოვდა აქტივიზმი ისრაელისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ, ხოლო საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, მაროკოში, ესპანეთსა და შვედეთში პორტის მუშაკებმა იარაღის მიწოდების მარშრუტების ბლოკირება სცადეს. აქტივიზმმა და იურიდიულმა ზეწოლამ რამდენიმე ქვეყანა აიძულა, შეეზღუდა ან აეკრძალა იარაღის ექსპორტი ისრაელში.

მაშინ, როდესაც ბევრი მთავრობა საერთაშორისო სამართალზე თავდასხმებს ეგუებოდა, რამდენიმე სახელმწიფო და ინსტიტუტი ამ ტენდენციას შეეწინააღმდეგა მრავალმხრივი თანამშრომლობისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულების გამოხატვის გზით. სულ უფრო მეტმა ქვეყანამ აღიარა, რომ ისრაელი გენოციდს სჩადიოდა, ხოლო რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა „ჰააგის ჯგუფს“ – სახელმწიფოთა ბლოკს, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის ისრაელის პასუხიმგებლობის დაყენებას მოითხოვს; ასევე, მხარი დაუჭირა ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სამართლებრივ დავას მართლმსაჯულებისა საერთაშორისო სასამართლოში.

ფილიპინებმა ყოფილი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცა ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის – მკვლელობის ბრალდების საფუძველზე; ამავე სასამართლომ დაპატიმრების ორდერები გასცა თალიბანის ორი ლიდერის მიმართ გენდერული ნიშნით დევნისთვის. ევროპის საბჭო და უკრაინა შეთანხმდნენ „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის“ შექმნაზე, ხოლო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჰიბრიდულმა სასამართლომ შეიარაღებული დაჯგუფების ექვსი ყოფილი წევრი ცნო დამნაშავედ ომისა და ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულებში.

და იმისათვის რომ ჰუმანურობა გადარჩეს, სწორედ ახლა დგას ისტორიის შექმნის დრო

Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა, ანიეს კალამარმა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ შექმნა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ავღანეთისთვის, ასევე ფაქტების შემსწავლელი მისია და საგამოძიებო კომისია აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკითხზე და გააფართოვა ირანის საკითხზე ფაქტების შემსწავლელი კომისიის მანდატი. მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული გაერო-ს სავალდებულო საგადასახადო თანამშრომლობის კონვენციის და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების შესახებ კონვენციის მიმართულებით, ხოლო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ და ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკულმა სასამართლომ გამოაქვეყნეს უმნიშვნელოვანესი საკონსულტაციო დასკვნები, რომლებითაც დაადასტურეს, რომ კლიმატის ცვლილებით მიყენებულ ზარალზე რეაგირება წარმოადგენს სახელმწიფოების ვალდებულებას ადამიანის უფლებების სფეროში.

2026 წელს მეტმა სახელმწიფომ დაიწყო ავტორიტარული მეთოდების და წესებზე დამყარებულ წესრიგზე თავდასხმების კრიტიკა, ესპანეთის მთავრობამ კი განსაკუთრებით პრინციპული პოზიცია დაიკავა, მაგრამ ასეთ მოწოდებებს გადამწყვეტი და განგრძობითი ქმედება უნდა ამყარებდეს.

„2025 წელს მთელ მსოფლიოში ვიხილეთ ძლიერი წინააღმდეგობის და სოლიდარობის აქტები ქალაქის ქუჩებში დემონსტრანტებისა თუ მრავალმხრივ ფორუმებზე დიპლომატების, პოლიტიკური ლიდერებისა და ბევრი სხვის მხრიდან. მათი მაგალითითა და გამბედაობით შთაგონებულებმა უნდა შევქმნათ თამამი კოალიციები, რათა შევძლოთ მსოფლიო წესრიგის გადააზრება, გარდაქმნა და მისი რეორიენტაცია ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობასა და უნივერსალურ ღირებულებებზე,“ თქვა ანიეს კალამარმა.

„დაე, 2026 წელი იყოს წელი, როდესაც დავამტკიცებთ ჩვენს ქმედუნარიანობას და ვაჩვენებთ, რომ ისტორია არ არის რაღაც, რასაც თავს გვახვევენ, არამედ თავად ჩვენ ვქმნით მას. და იმისათვის რომ ჰუმანურობა გადარჩეს, სწორედ ახლა დგას ისტორიის შექმნის დრო.“

Amongst a crowd of people, a protester, wearing a hat and face covering, holds up a placard with GenZ and skull and cross bones.
მომიტინგეს პლაკატი უჭირავს მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში, წყლისა და ელექტროენერგიის განმეორებითი გათიშვების წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის დროს, 2025 წლის 27 სექტემბერს.
A row of protesters against a backdrop of palm trees. Their signs say 'Stop Alligator Alcatraz', 'No ICE in paradise' 'Stay out of my swamp'.
დემონსტრანტები აპროტესტებენ ემიგრანტების დაკავების ცენტრის მშენებლობას, რომელსაც „ალიგატორების ალკატრასი“ ეწოდება, ფლორიდის ევერგლეიდსის რეგიონში, 2025 წლის 28 ივნისს.

გაიგეთ მეტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ