Amnesty International-ის ყოველწლიური კამპანია, რომელიც წერილების წერას ითვალისწინებს, აჩვენებს, როგორ იმარჯვებს ჰუმანურობა

ავტორიტარული მმართველობის გავრცელების, კლიმატის ცვლილებისა და სამოქალაქო უფლებების დასუსტების ფონზე, Amnesty International 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, იწყებს თავის ყოველწლიურ „წერილების მარათონის“ კამპანიას, რათა მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დარღვევების მსხვერპლებს და აჩვენოს, რომ ჰუმანურობას შეუძლია გამარჯვება.

წლევანდელ კამპანიას ადამიანები მთელი მსოფლიოდან უერთდებიან, რათა იბრძოლონ სამართლიანობისთვის, ღირსებისა და საერთო მომავლისთვის და მხარი დაუჭირონ მათ, ვინც ადამიანის უფლებების დაცვისა და ძალაუფლების მქონეთათვის სიმართლის თქმის გამო მძიმე ფასს იხდის. ნორვეგიაში საკუთარი თემის მიწების დასაცავად მებრძოლ ირმების მწყემსს ან მიანმარში ციკლონის შედეგების გაშუქებისთვის დაპატიმრებულ ფოტოჟურნალისტსა თუ სამხრეთ აფრიკაში საბავშვო ბაღის საპირფარეშოს ორმოში ჩავარდნის შედეგად დაღუპულ პატარა ბიჭს — ყველას, ვინც წლევანდელ კამპანიაშია წარმოდგენილი, აკავშირებს ის, რომ მათი  უფლებები დაირღვა.  

„იმ სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც კაცობრიობას უდგას, Amnesty ყოველ წელს ხდება მოწმე იმისა, თუ როგორ ერთიანდება უამრავი ადამიანი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა აჩვენოს აქტივიზმის მნიშვნელობა და სოლიდარობის ძალა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში. ბევრ სხვასთან ერთად, „წერილების მარათონის“ წლევანდელი კამპანია წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც კლიმატის კრიზისთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, რომ დაიცვან თავიანთი საზოგადოებები გვალვის, ბუნებრივი აირის წვის, განაშენიანების პროექტებისა და გარემოს დაბინძურებისგან და რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა,“ ამბობს Amnesty International-ის გენერალური მდივანი ანიეს კალამარი.

იმ სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც კაცობრიობას უდგას, Amnesty ყოველ წელს ხდება მოწმე იმისა, თუ როგორ ერთიანდება უამრავი ადამიანი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა აჩვენოს აქტივიზმის მნიშვნელობა და სოლიდარობის ძალა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში

ანიეს კალამარი, Amnesty International-ის გენერალური მდივანი

„ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – დავიცვათ ადამიანის უფლებები და ერთად შევეწინააღმდეგოთ მათ შელახვას ან მივცეთ ავტორიტარულ პრაქტიკებს საშუალება, გააგრძელოს ჩვენი თავისუფლებების შეზღუდვა. რამდენიმე წუთის გამონახვით წერილის დასაწერად, სოციალურ ქსელებში პოსტის გამოსაქვეყნებლად თუ პეტიციაზე ხელის მოსაწერად, ნებისმიერს შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს და ადამიანის სიცოცხლეც კი გადაარჩინოს.“

საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების მხარდაჭერა

წელს „წერილების მარათონი“ მოუწოდებს მილიონობით ადამიანს, გაერთიანდეს და უკეთესობისკენ შეცვალოს იმ ინდივიდთა ცხოვრება, რომელთა უფლებებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაირღვა.

წლევანდელ კამპანიაში წარმოდგენილნი არიან:

  • დამისოა მადაგასკარიდან, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კლიმატის ცვლილების გამო იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის იბრძვის.
  • უნატებო მბოტენი, სამი წლის ბიჭი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში საბავშვო ბაღის საპირფარეშოს ორმოში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.
  • ხუან ლოპესი ჰონდურასიდან, რომელიც მოკლეს, რადგან ის სამთო და ენერგეტიკული პროექტებისგან ადგილობრივი მდინარეებისა და ეროვნული პარკის დასაცავად იბრძოდა.
  • Mother Nature Cambodia-ის („კამბოჯის დედაბუნება“) წევრები, რომლებიც კამბოჯის გარემოს ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დააპატიმრეს.
  • ფოტოჟურნალისტი საი ზო თაიკი, რომელიც მიანმარში ციკლონის დამანგრეველი შედეგების გაშუქებისთვის დააკავეს და ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მძიმე შრომითი რეჟიმის ციხეში.
  • ელინორ გუტორმ უტსი, რომელიც ნორვეგიაში საამების მოთხოვნების გათვალისწინებისა და მათი უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფისთვის იბრძვის.
  • სონია, ტუნისელი ადვოკატი, რომელმაც თავისი ცხოვრება ადამიანთა უფლებების დაცვას მიუძღვნა და რომელსაც საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის გამო მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
  • Guerreras por la Amazonía („მებრძოლები ამაზონის გადარჩენისთვის“) ეკვადორიდან, რომლებიც თავიანთ თემებს იცავენ ბუნებრივი აირის ჭავლებისგან, რაც ტოქსიკური აირების გაფრქვევას და გარემოს დეგრადაციას იწვევს ეკვადორის ამაზონში.

„წერილების მარათონის“ ფარგლებში მიღებულმა მხარდაჭერამ ელინორ გუტორმ უტსის იმედი ჩაუსახა. მის მიწასა და ცხოვრების წესს ახლა საფრთხე ემუქრება, რადგან ნორვეგიის მთავრობა ასობით ქარის ტურბინის აშენებას აპირებს, რაც ირმების სავალ მარშრუტებსა და მათი მწყემსვის ჩვეულ რიტმს დაარღვევს.

მართალია, ელინორი, საკუთარი მიწა და კულტურა რომ დაიცვას, დაუღალავად მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს ქარის ტურბინების მშენებლობა, 60 წლის აქტივისტს მარტო ამის გაკეთება უჭირს.

„ძალიან მიხარია, რომ Amnesty International — ორგანიზაცია, რომელიც აქტივიზმზეა ორიენტირებული — მხარს უჭერს ჩემს კამპანიას. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს იმ ხალხის მხარდაჭერა, რომლებიც ასეთ საქმეს ყოველ დღე აკეთებენ,“ ამბობს ელინორი. „ეს არის ჩვენი ცხოვრება —  სხვაგვარი ცხოვრება ჩემთვის უცნობია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მიწისთვის, რათა დავიცვათ მომავალი თაობები.“

ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა

2001 წლიდან, რაც „წერილების მარათონის“ კამპანია დაიწყო, მილიონობით ადამიანმა შეცვალა იმ პირთა ცხოვრება, რომლებსაც უფლებები წაართვეს. კამპანიის მიერ მხარდაჭერილი 100-ზე მეტი ადამიანის საქმეებში დადებითი შედეგები იქნა მიღწეული.

2023 წელს „წერილების მარათონის“ კამპანია მხარს უჭერდა როკი მაიერსს, ინტელექტუალური განვითარების დარღვევის მქონე შავკანიან მამაკაცს. როკიმ სამი ათეული წელი ალაბამაში  სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა მკვლელობის ბრალდებით. ის დამნაშავედ ცნეს ისეთ ჩვენებებზე დაყრდნობით, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა; იყო პოლიციის მხრიდანაც სავარაუდო ზეწოლაც. Amnesty-ის ასობით ათასი მხარდამჭერი მოითხოვდა როკის გათავისუფლებას, სწერდა წერილებს ალაბამის გუბერნატორს და მოუწოდებდა მას როკის შეწყალებისა და სიკვდილით დასჯის განაჩენის შეცვლისკენ. 2025 წლის თებერვალში განაჩენი შეიცვალა.

როკის ბრძოლა არ დასრულებულა. ის სამართალს ეძიებს მის საქმეში დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით, მაგრამ სიკვდილით დასჯა მას აღარ ემუქრება.

„ამ კამპანიამ მხოლოდ მისი საქმის მიმართ კი არ გაზარდა ყურადღება, არამედ ის ისე იქნა ჩატარებული, რომ პატივისცემა გააჩინა როკის როგორც ადამიანის, მამისა და ბაბუის მიმართ,“ თქვა მირიამ ბენქსტომმა, როკი მაიერსის იურიდიული ჯგუფის წევრმა. 

„ვიცი, რომ ეს უზარმაზარი მხარდაჭერა როკისთვის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი იყო; იმის ცოდნა, რომ ამდენმა ადამიანმა იგრძნო მოქმედების აუცილებლობა, ნამდვილად შთამაგონებელია.“

შემოუერთდით წლევანდელ კამპანიას და გახდით იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ცდილობს, მსოფლიო უფრო სამართლიან და თანამგრძნობ ადგილად აქციოს. შემოუერთდით „წერილების მარათონს“ დღესვე.