საქართველოში ანტისამთავრობო და პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით დაპატიმრებული ცხრა პირის შეწყალებას Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა:
„ცხრა დემონსტრანტის გათავისუფლება სასიხარულო ამბავია მათთვის და მათი ოჯახებისთვის და ამას მივესალმებით, თუმცა ეს მართლმსაჯულება არ არის. მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ, საერთოდ არ უნდა გამხდარიყვნენ სამართლებრივი დევნისა თუ დასჯის ობიექტები მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურების მიერ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება.“
„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის უკანონო გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და სხვა დარღვევების შესახებ ყველა განცხადების დამოუკიდებლად და ეფექტიანად გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. ყველა, ვინც მხოლოდ და მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო არის დაპატიმრებული, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა იქნეს გათავისუფლებული.“
კონტექსტი
28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 226 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის ცხრა დემონსტრანტი, რომლებსაც 2024 წლის მაისიდან 2025 წლის ოქტომბრამდე გამართულ ანტისამთავრობო და პროევროპულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ჰქონდათ პატიმრობა მისჯილი. ერთ-ერთი მათგანია საბა ჯიქია, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დაკავებისას 19 წლის სტუდენტი იყო. მას 2024 წლის 30 ნოემბრის აქციის დროს „პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმის“ ბრალდება წაუყენეს. ამ საქმესთან დაკავშირებით Amnesty International-მა მხარდამჭერი კამპანია ჩაატარა.
დემონსტრანტების სასამართლო პროცესები, რომლებსაც Amnesty International-ის წარმომადგენლები და ადგილობრივი უფლებადამცველები აკვირდებოდნენ, სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.


