საქართველო: ჟურნალისტი დააპატიმრეს, კომიკოსს კი პოლიტიკური სატირის გამო თავს დაესხნენ

ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიან პატიმრობას, რომელიც მას სატირული Facebook-პოსტების გამო შეეფარდა, და კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას,  რაც სამთავრობო მედიაში მისი ხუმრობის გამო აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას მოჰყვა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა:

„საქართველოში ხელისუფლების კრიტიკოსების ცემა და დაპატიმრება სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ხელისუფლებამ იმათი დევნა დაიწყო, ვინც ხუმრობას გაბედავს. მახვილგონივრული ფრაზა ახლა ადამიანს შესაძლოა თავისუფლების ან ჯანმრთელობის, ან ორივეს ფასად დაუჯდეს.

სატირა, მათ შორის შოკისმომგვრელი ან შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებით არის დაცული. არავის არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებაში მყოფ პირებს დასცინის. პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირები კრიტიკის ლეგიტიმური ობიექტები არიან.

ვახო სანაიას შემთხვევაში დარღვევა პირდაპირი და ცალსახაა: ხელისუფლებამ ის მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დაცული უფლებით სარგებლობის გამო გაასამართლა და დააპატიმრა. ონისე ოქრიაშვილის შემთხვევა განსხვავებულ, თუმცა, ისეთსავე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მართალია, არსებული ინფორმაციით არ დასტურდება, რომ სახელმწიფო მოხელეებმა ეს კონკრეტული თავდასხმა შეუკვეთეს, მასში მონაწილეობდნენ ან მასთან სხვაგვარი კავშირი ჰქონდათ, Amnesty International-მა საქართველოში გამოავლინა აშკარა ტენდენცია – ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიებს მათზე ძალადობა მოსდევს.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ვახო სანაია და უზრუნველყოს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, ყველა პასუხისმგებელი პირის გამოვლენა და მათი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა სამართლიანი სასამართლო პროცესის ფარგლებში.“

კონტექსტი

2026 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას, 14-დღიანი ე.წ. ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომლებშიც ის პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძეს დასცინოდა. პირველ პოსტში სანაიამ სარკასტულად მოუწოდა ხალხს, არ გამოეყენებინათ მათ მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვა, თუმცა ეს სიტყვა თავად გამოიყენა, რის გამოც ის 10 ივლისს 6,000 ლარით (2,280 აშშ დოლარით) დააჯარიმეს. დაჯარიმებას სანაიამ ინტერნეტში მსგავსი პოსტის გამოქვეყნებით უპასუხა, რომელშიც გაიმეორა ის სიტყვები, რისთვისაც დააჯარიმეს; ამას მისი დაკავება მოჰყვა.

სანაიას დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში კომიკოს ონისე ოქრიაშვილს, ხელისუფლების კრიტიკოსებს შორის პოპულარულ ფიგურასა და მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, სახლთან სამი უცნობი პირი თავს დაესხა. თავდასხმას წინ უძღოდა სამთავრობო მედიის მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში წარმოებული მტრული კამპანია და ლანძღვა იმ ხუმრობის გამო, რომელიც გარდაცვლილ ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს, ეხებოდა. სტუდიაში სტუმრობისას ოქრიაშვილმა ხუმრობით თქვა, რომ დუმბაძე სძულდა, თუმცა იქვე განმარტა, რომ მხოლოდ ხუმრობდა და რეალურად ხელისუფლებას აკრიტიკებდა. Amnesty International-მა წარსულში უკვე არაერთხელ აღწერა შემთხვევები, როდესაც საქართველოში ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას მათი დაშინება და მათზე ფიზიკური თავდასხმები მოსდევდა.