საქართველო: ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას საპროტესტო ბანერზე  წარწერის გაკეთებისთვის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა მიუსაჯეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით, „Amnesty International“-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა განაცხადა:

„სიმბოლური საპროტესტო ჟესტის- საარჩევნო ბანერზე  წარწერის გაკეთებისთვის ელენე ხოშტარია წელიწადნახევარს გაატარებს ციხეში. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენება სისხლის სამართლის სისტემა განსხვავებული აზრის დასასჯელად. არაძალადობრივი, უმნიშვნელო სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას არის ჩადენილი, სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება, გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევებში პატიმრობის გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული“.

„ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, სასჯელის სიმკაცრე, დაკავშირებულია არა მატერიალურ ზიანთან, არამედ მის პოლიტიკურ შეხედულებებთან და იმ სიმბოლურ ზიანთან, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი, გადახედოს მის განაჩენს, გააუქმოს პატიმრობა, და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესი“.

ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, სასჯელის სიმკაცრე, დაკავშირებულია არა მატერიალურ ზიანთან, არამედ მის პოლიტიკურ შეხედულებებთან და იმ სიმბოლურ ზიანთან, რომელიც მან მმართველ პარტიას მიაყენა. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი, გადახედოს მის განაჩენს, გააუქმოს პატიმრობა, და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესი

დენის კრივოშეევი, „Amnesty International“-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე

დამატებითი ინფორმაცია

24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე („სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“) 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, მოქმედი მერის საარჩევნო ბანერს რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა მარკერით დააწერა „რუსული ოცნება“. პროკურატურის თანახმად ამ საქციელით მიყენებული ზიანი 570 ლარს (210 აშშ დოლარს) შეადგენდა.

ელენე ხოშტარიამ განაცხადა,რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მსგავსი საპროტესტო ქმედებისთვის იყო დაკავებული. მეგი დიასამიძე გირაოთი გათავისუფლდა, ხოლო მისი საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

უკვე წელზე მეტია, განსაკუთრებით კი 2025 წლის ოქტომბერში ჩატარებული და ფართოდ სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყოველდღიური პროტესტები გრძელდება. ხელისუფლება პასუხობს მზარდი რეპრესიებით, მათ შორის თვითნებური დაკავებებით,  სისხლისსამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით, დემონსტრანტებისა და მთავრობის სხვა კრიტიკოსების დაშინებითა და შევიწროებით, ასევე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებით, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას.