Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი გამოეხმაურა ცნობებს იმის თაობაზე, რომ რუსეთის მოქალაქე დენის კულანინი პატიმრობაში რჩება 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების შემდეგ, ასევე შეშფოთებას, რომ შესაძლოა მისი რუსეთში დეპორტაცია მოხდეს და განაცხადა:
„დენის კულანინი საჯაროდ გმობდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარდაჭერას გამოხატავდა ალექსეი ნავალნის მიმართ – ორივე ეს ქმედება რუსეთში დანაშაულად ითვლება და პატიმრობით ისჯება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს მისი დეპორტაცია რუსეთში, სადაც ომის მოწინააღმდეგეთა სასტიკი რეპრესირების არსებულ პირობებში მას თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის, წამების ან სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს.“
„საქართველო ვალდებულია, დაიცვას არგაძევების პრინციპი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი პირის გადაცემას იმ ქვეყნისთვის, სადაც ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე დაემუქრება. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს დენის კულანინი შესაძლებლობით, ეფექტიანად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, მათ შორის ნებაყოფლობით გაემგზავროს უსაფრთხო მესამე ქვეყანაში.“
კონტექსტი
1 სექტემბერს დენის კულანინს საქართველო ნებაყოფლობით უნდა დაეტოვებინა და სომხეთში გამგზავრებულიყო, მას შემდეგ, რაც 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალების საფუძველზე, ადვოკატებმა სასამართლოსა და დროებითი მოთავსების იზოლატორს, სადაც ის იმყოფება, ავიაბილეთი, პასპორტი და ჩასხდომის ტალონი წარუდგინეს. იგი იმ ცხრა პირს შორის იყო, რომლებიც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული მსჯავრდების გამო შეიწყალეს. მას ორწლიანი პატიმრობა 2025 წლის 4 ივნისს შეეფარდა იმის გამო, რომ 2025 წლის 28 მარტს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციის ავტომობილი დააზიანა.
შეწყალების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოათავსა, სანამ საქართველოდან მისი დეპორტაციის თაობაზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართებოდა. ამან მას საქართველოდან სომხეთში ნებაყოფლობით გამგზავრების შესაძლებლობა წაართვა და გააჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება რუსეთისთვის მის გადაცემას გეგმავს.


