საქართველო: სამართლიანობა და პასუხისმგებლობა მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ ხუთი პოლიციელისთვის სისხლის სამართლის ბრალის წარდგენას დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის

საქართველოში 2024 წელს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილე სამ პირზე თავდასხმებთან დაკავშირებით ხუთი სამართალდამცავის დაკავებისა და მათთვის ბრალის წარდგენის შესახებ გავრცელებულ ცნობას Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი გამოეხმაურა და თქვა:

„პასუხისმგებლობა ძალის გადამეტებით გამოყენებაზე, რასაც პოლიცია 2024 წლიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დარბევისას მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ საყოველთაოდ მიმართავდა, მხოლოდ ხუთი სამართალდამცავის ბოლოდროინდელი დაკავებით ვერ ამოიწურება, მით უფრო, რომ ეს ნაბიჯი 17 თვის დაგვიანებით გადაიდგა. Amnesty International-ს აღწერილი აქვს ძალის უკანონო გამოყენების, სავარაუდო წამებისა და სხვა არასათანადო  მოპყრობის ათობით შემთხვევა, ასევე მძიმე დაზიანებები, მათ შორის ძვლების მოტეხილობები, რომლებიც ადამიანებს მხოლოდ იმის გამო მიაყენეს, რომ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობდნენ. ასეთი მოპყრობის შესახებ ასობით დემონსტრანტმა განაცხადა. სამართლიანობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ყველა ამ საქმეზე.

მხოლოდ ეს ხუთი დაკავება ვერ შეცვლის დაუსჯელობის იმ ზოგად სურათს, რაც საქართველოში არსებობს ანდა იმ ფაქტს, რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათობით საქმე ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება.

მხოლოდ ეს ხუთი დაკავება ვერ შეცვლის დაუსჯელობის იმ ზოგად სურათს, რაც საქართველოში არსებობს ანდა იმ ფაქტს, რომ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ათობით საქმე ეფექტიანი გამოძიების გარეშე რჩება

დენის კრივოშეევი, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე

გენერალური პროკურატურის გამოძიება უნდა გავრცელდეს ყველა იმ პირზე, ვისაც შესაძლოა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა, მათ შორის მათზე, ვინც ბრძანებები გასცა და ვინც ადამიანის უფლებების დარღვევების თავიდან აცილების ვალდებულება ვერ შეასრულა. აუცილებელია პასუხისმგებლობის დაკისრება სამეთაურო ჯაჭვის ყველა დონეზე და პოლიციის უკანონო ქმედებების ყველა დაფიქსირებულ შემთხვევაზე.“

საკითხის ისტორია

2026 წლის 7 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა სამართალდამცავი ორგანოების ხუთი მოქმედი და ყოფილი თანამშრომლის დაკავების შესახებ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან 2024 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ ძალადობაში. მათ ბრალი წარედგინათ „ძალადობით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით. ერთ-ერთ მათგანს ბრალად ასევე ედება „ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია“. აღნიშნული ბრალდებები ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განცხადებას წინ უძღოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ საგამოძიებო სიუჟეტი, რომელშიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით, გამოვლენილი იქნა გურამ როგავას სავარაუდო თავდამსხმელი. გურამ როგავას, რომელიც იმ დროს „ფორმულას“ ჟურნალისტი იყო, 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციების გაშუქებისას დაესხნენ თავს. 

Amnesty International-სა და ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებს აღწერილი აქვთ, თუ როგორ იყენებდა განურჩევლად საქართველოს პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს. ასევე, დემონსტრანტებს სცემდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ, მათ შორის პოლიციის ავტომობილებში, რომლებსაც „წამების ფურგონებს“ უწოდებდნენ. ეს ქმედებები წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვის დარღვევას უტოლდებოდა. 300-ზე მეტმა დაკავებულმა მძიმე ფიზიკური ძალადობის შესახებ განაცხადა, მათგან 80-ზე მეტს კი ტვინის შერყევის, მოტეხილობებისა და სხვა სერიოზული ტრავმების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ბევრი დაკავებული გადაიყვანეს დაუდგენელ ადგილებში, მათ არ აძლევდნენ ადვოკატებთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლებას და უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარების და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის უზრუნველყოფაზე.