საქართველო: ხელისუფლებამ შექმნა კოორდინირებული სისტემა განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ძალაუფლების განსამტკიცებლად

საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ რღვევას განიცდის, რადგან მმართველი პარტია სულ უფრო ხშირად მიმართავს ავტორიტარულ მეთოდებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს ხდება მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისადმი მმართველი პარტიის დამოკიდებულებას და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას, განაცხადა Amnesty International-მა დღეს.

ახალი ანგარიში — „რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ — აღწერს, თუ როგორ გამოიყენა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედმა ხელისუფლებამ დეზინფორმაცია რეპრესიებისა და კრიტიკოსთა დისკრედიტაციის იარაღად; როგორ ისარგებლა ბოროტად საპარლამენტო უმრავლესობით რეპრესიული კანონების დაჩქარებული წესით მიღებისთვის; როგორ აქცია სასამართლო და პოლიცია პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტებად; და როგორ სასტიკად ახშობდა საპროტესტო გამოსვლებს ადამიანის უფლებებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის ფარგლებში. ამ ყოვლისმომცველმა ზომებმა ფაქტობრივად მშვიდობიანი წინააღმდეგობა კრიმინალიზებული გახადა.

„საქართველოს ბოლო სამი წლის გამოცდილება არის მწარე გაკვეთილი იმისა, თუ რა სწრაფად შეუძლია ნებისმიერ ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტების მძლავრ რეპრესიულ ინსტრუმენტად გადაქცევა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის — განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

საქართველოს ბოლო სამი წლის გამოცდილება არის მწარე გაკვეთილი იმისა, თუ რა სწრაფად შეუძლია ნებისმიერ ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტების მძლავრ რეპრესიულ ინსტრუმენტად გადაქცევა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის

დენის კრივოშეევი, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე

„საქართველოს ხელისუფლებამ დეზინფორმაცია, ძალადობრივი კანონმდებლობა, პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასამართლოებში უსამართლობა გამოიყენა საკუთარი ძალაუფლების პოტენციური საფრთხისგან დასაცავად. მათ ფაქტობრივად შექმნეს სისტემა, სადაც განსხვავებული აზრის მშვიდობიანად გამოხატვა დანაშაულად მიიჩნევა, სამოქალაქო საზოგადოება ეროვნულ მტრად ითვლება, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ავიწროებენ, დევნიან და გადარჩენის რეჟიმში ამყოფებენ, ხოლო პოლიციის ძალადობის მსხვერპლებს სამართლიანობაზე უარი აქვთ ნათქვამი, ამის ნაცვლად კი მათ თავად დევნიან. ადამიანის უფლებებმა და სამოქალაქო სივრცემ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე უკუსვლა განიცადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

კრიტიკოსთა ცილისწამება და რეპრესიული კანონები

2022 წლიდან მთავრობა აგრესიულად პასუხობს იმ მზარდ საპროტესტო აქციებსა და საზოგადოებრივ კრიტიკას, რომელიც უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომისადმი მის მიდგომას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

კრიტიკოსები პოლიტიკური ოპოზიციდაან, სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან წარმოჩენილნი არიან როგორც უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი “დიფ სთეითის“ აგენტები, „მოღალატეები“ და „რადიკალები“, რომლებიც ცდილობენ საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას. ამასობაში, მიღებულ იქნა მთელი რიგი კანონები, რომლებიც უცხოური დაფინანსების მიმღებ და ფართოდ განმარტებულ „პოლიტიკურ საქმიანობაში“ ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რეგისტრაციის უფრო მკაცრ მოთხოვნებს უყენებს და მკაცრ მონიტორინგს უწესებს, ასევე ყადაღის დადების, სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების და თავისუფლების აღკვეთის რისკის წინაშე აყენებს.

ძირითადი ღონისძიებები მოიცავს 2024 წლის მაისში მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, 2025 წლის აპრილში მიღებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“, ასევე  „გრანტების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

შედეგად, ათობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია იძულებული გახდა შეემცირებინა შტატი, შეეჩერებინა მუშაობა ან “გადარჩენის რეჟიმში” განეგრძო საქმიანობა. თამთა მიქელაძემ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორმა, რომლის ორგანიზაციის ანგარიშებიც დაყადაღდა, განაცხადა:

„მათ მოკლეს ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი ინსტიტუცია, და ეს, გულწრფელად რომ ვთქვა, კატასტროფა იყო. ამ ეტაპზე საქმიანობას მოხალისეობრივ საფუძველზე ვაგრძელებთ.“

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებიც მსგავსი ზეწოლის წინაშე დგანან. მარიამ ნიკურაძემ Amnesty International-ს უთხრა:

„ჟურნალისტობა საქართველოში ასეთი საშიში არასდროს ყოფილა… გამოწვევები ყველა მიმართულებით მოდის: ფიზიკური უსაფრთხოება, შემზღუდავი კანონმდებლობა, ციფრული უსაფრთხოება, სისხლისსამართლებრივი დევნა, ხელისუფლების სიძულვილის კამპანიები, ფინანსური არასტაბილურობა და ჩვენი საქმიანობის სივრცის შემცირება.“

სასტიკი რეპრესიები მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხოდ

დაინიცირებამ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას ფაქტობრივად ჩაახშობდა, მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპასუხოდ ხელისუფლებამ სასტიკი დარბევა მოაწყო — მშვიდობიან მომიტინგეებს სცემდნენ, მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს, უკანონოდ ესროდნენ რეზინის ტყვიებს, ხშირად ყოველგვარი გაფრთხილებისა და  ტერიტორიის დატოვების უსაფრთხო გზების, ე.წ. უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველყოფის გარეშე.

2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგებისა და მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის ნოემბერში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში ოთხწლიანი „პაუზის“ გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. მომიტინგეები თვითნებური დაკავებების, ძალის უკანონო გამოყენების, სასტიკი ცემისა და წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ. ბევრი მათგანი აღწერდა, როგორ მოაქციეს პოლიციის კორდონებში, ქიმიურ გამაღიზიანებლების ზემოქმედების ქვეშ, როგორ აიძულებდნენ ცალ-ცალკე გაევლოთ ე.წ. „ცემის დერეფნებში“ და როგორ სცემდნენ სასტიკად დაკავების და პოლიციის ავტომობილებში ყოფნის დროს.

2024 წლის 3 დეკემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს, 22 წლის ალექსანდრე თირქიას თავში ცრემლსადენი გაზის კაფსულა მოხვდა, რის შედეგადაც თავის ქალისა და სახის მრავლობითი მოტეხილობები, ტვინის დაზიანება და მარცხენა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო. მისი თქმით:

„ეს სასიკვდილოდ გამიზნული გასროლა იყო. ცრემლსადენ გაზს გვესროდნენ. თვალები საშინლად მეწვოდა და სუნთქვა ძალიან მიჭირდა. გაქცევა ვცადე, მაგრამ ალყაში ვიყავით მოქცეული. ყველა მხრიდან ჩაკეტილები ვიყავით — წინიდან, უკნიდან და გვერდით გასასვლელებიდანაც. სწორედ მაშინ მომხვდა გაზის კაფსულა. თავში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. ისეთ აგონიაში ვიყავი, რომ ის მომენტი ჩემი მახსოვრობიდან საერთოდ წაიშალა.“.

გაქცევა ვცადე, მაგრამ ალყაში ვიყავით მოქცეული. ყველა მხრიდან ჩაკეტილები ვიყავით — წინიდან, უკნიდან და გვერდით გასასვლელებიდანაც. სწორედ მაშინ მომხვდა გაზის კაფსულა. თავში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. ისეთ აგონიაში ვიყავი, რომ ის მომენტი ჩემი მახსოვრობიდან საერთოდ წაიშალა

ალექსანდრე თირქია, პროტესტის მონაწილე

სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, 2024–2025 წლებში უსაფრთხოების ძალების მიერ დაკავებულთა 78–88 პროცენტი აცხადებდა, რომ დაკავების პერიოდში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში 300-ზე მეტმა დაკავებულმა მომიტინგემ განაცხადა მძიმე ფიზიკური ძალადობის შესახებ, 80-ზე მეტს ტვინის შერყევის, მოტეხილობებისა და ძვლების დაზიანების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ ასევე ფართოდ გამოიყენა გენდერული ნიშნით ძალადობა, მათ შორის სექსისტური შეურაცხყოფა, სექსუალური ძალადობის მუქარა და უკანონო და დამამცირებელი გაშიშვლება ჩხრეკის დროს, განსაკუთრებით საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ქალების მიმართ – აღნიშნული მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებისა და დასჯის ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილი გახლდათ.

მომიტინგეთა უსამართლო სასამართლო პროცესები და პოლიციის დაუსჯელობა

საქართველოში სასამართლო სისტემა ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცა, შედეგად სასამართლოები პროკურატურის მოთხოვნებს ავტომატურად აკმაყოფილებენ და იმ კანონებს აღასრულებენ, რომლებიც გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებებს არღვევს. უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ, მოსამართლეები მომიტინგეებს თვითნებურად უფარდებენ უკიდურესად მაღალ ჯარიმებს, ადმინისტრაციულ პატიმრობებსა და თავისუფლების აღკვეთას იმ საქმეებზე, რომელიც საპროტესტო აქციებთანაა. ამჟამად, 150-ზე მეტი ადამიანი უსამართლოდ რჩება პატიმრობაში.

2024 წლის დეკემბერში, მომიტინგეებს გზის სავალ ნაწილზე დგომისთვის მკაცრი ჯარიმები დაეკისრათ – 5 000 ლარის (დაახლოებით 1 800 აშშ დოლარის) ოდენობით, რაც ქვეყნაში საშუალო თვიურ ხელფასზე ორჯერ მეტია. 2025 წლის დეკემბრისთვის კი მოქალაქეებს უკვე ტროტუარზე დგომისთვისაც აჯარიმებდნენ.

მასწავლებელსა და აქტივისტს, გოტა ჭანტურიას, მშვიდობიან საპროტესტო აქციებში უბრალოდ მონაწილეობის გამო დაახლოებით 130 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრა. მისი თქმით: „მე ვერასდროს შევძლებ ამ ჯარიმების გადახდას. ეს უბრალოდ მათი ერთგვარი ტერორია და მცდელობა შეაჩერონ ჩვენი პროტესტი… ჩემი საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, საარსებო შემოსავლის მიღება არ შემიძლია და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დამაკავონ და სახლი ჩამოგვართვან.“

ხელისუფლებამ ვერა და ვერ უზრუნველყო პოლიციელთა პასუხისგებაში მიცემა იმ ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის, რომლებიც მათ წინააღმდეგობის ჩახშობის დროს ჩაიდინეს. ასობით მომიტინგე  სასამართლოს წინაშე ხილული დაზიანებებით წარსდგა და სამართალდამცავთა მხრიდან წამებისა თუ სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა, თუმცა უშედეგოდ. ამ დრომდე მხოლოდ ერთ მსგავს საქმეში დადგა პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი: 2026 წლის მაისში ხუთ პოლიციელს წაუყენეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალი მომიტინგეებზე თავდასხმისთვის, მას შემდეგ, რაც მათი სავარაუდო დანაშაულები დამოუკიდებელმა ტელევიზიებმა გამოავლინა.

Amnesty International მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებებს, პარლამენტს, სასამართლო სისტემას, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებს, მიიღონ გადაუდებელი ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო სივრცის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასუსტება.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონები, რომლებიც უკანონოდ ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს; გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც მხოლოდ საკუთარი უფლებების მშვიდობიანად გამოხატვისთვისაა დაკავებული; დაიცვას კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვით, უზრუნველყოს პროტესტთან დაკავშირებული მიმდინარე საქმეების ხელახალი განხილვა.

ხელისუფლებამ ასევე დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა გამოიძიოს სამართალდამცავებისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ჯგუფების მხრიდან წამების, სხვა არასათანადო მოპყრობისა და ძალის უკანონო გამოყენების ყველა ბრალდება და უზრუნველყოს სათანადო კომპენსაცია ყველა დაზარალებულისთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ კი მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულების აღწერას, გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებით.