საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეებს შორის რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინს ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა. ის ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით გაასამართლეს, რაც, მისი თქმით, მას ჩაუდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის კომენტირებისას, რომლითაც რუსეთის მოქალაქე ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკების შენახვაში ბრალდებით რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა განაცხადა:

„ანტონ ჩეჩინი აცხადებს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკები ჩაუდო. მან გაგვიზიარა დაკავების დეტალები: მრავალჯერადი ჩხრეკა მოწმეებისა და სამხრე კამერების გარეშე; როგორ წაართვეს მისი ქურთუკი და დაბრუნების შემდეგ მასში ნარკოტიკები „იპოვეს“ – თარჯიმნის თანდასწრებით, რომელიც შემდგომში ბრალდების მხარემ მოწმედ გააფორმა. სასამართლომ სადავო საკითხები ბრალდების მხარის სასარგებლოდ გადაჭრა. ანალოგიური მოცემულობა იკვეთება საქართველოში ნარკოტიკების საწინააღმდეგო კანონმდებლობით დევნილი სხვა მომიტინგეების საქმეებშიც.“

„ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებული აქციის ყველა მონაწილე უარყოფს დანაშაულს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. თუმცა, სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მხოლოდ ორი მათგანი გაამართლა. ჩვენ მოვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას და სამართლიან სასამართლოს ანტონ ჩეჩინისა და ყველა მსჯავრდებულისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უნდა გათავისუფლდნენ.“ – დასძინა მან.

ჩვენ მოვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას და სამართლიან სასამართლოს ანტონ ჩეჩინისა და ყველა მსჯავრდებულისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უნდა გათავისუფლდნენ

დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ

„ამ საქმეებში მონაწილე პოლიციელების, გამომძიებლებისა და პროკურატურის თანამშრომლების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციის ბრალდებებზე. ზოგიერთი მათგანის სახელი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია. შეიძლება თუ არა დამთხვევა იყოს, რომ ისინი მონაწილეობენ აქტივისტების წინააღმდეგ „ნარკოტიკებთან“ დაკავშირებულ სხვადასხვა საქმეებში? ამ საქმეების დეტალები ერთსა და იმავე სქემას მიჰყვება: პროტესტის მონაწილეს აკავებენ თითქოს ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, პოლიცია ჩხრეკას ატარებს გამორთული სამხრე კამერებით და სხვა დარღვევებით, შემდეგ კი „აღმოაჩენენ“ ნარკოტიკებს და აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს“. – აღნიშნავს დენის კრივოშეევი.

ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას – ობიექტურ გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე“, – დაასკვნა მან.

ანტონ ჩეჩინისთვის გამოტანილი სასჯელი ამჟამად ყველაზე ხანგრძლივი სასჯელია, რომელიც გამოუტანეს საქართველოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომლებიც თითქმის 11 თვეა მიმდინარეობს.

2024 წლის დეკემბრიდან, საქართველოში სულ მცირე ექვსი მომიტინგე დააკავეს ნარკოტიკების შენახვის ან გავრცელების ბრალდებით, რომელთაგან სამი, ანტონ ჩეჩინი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული რუსეთის მოქალაქეები არიან. ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს და სისხლის სამართლის საქმეებს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.